saqarTvelos mRvimeebi - pantiuxinis ufskruli

კოორდინატები 43°19`36` ჩ. გ. 40°29`56` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული გუდაუთის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 1786 მ
სიგრძე 5500 მ
სიღრმე 1508 მ
მოცულობა 4000 მლნ. მ³
აღმოჩენის წელი 1979
ამგებელი ქანები კირქვა

 

კარსტული მღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის მასივის დასავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1786 მ სიმაღლეზე. ჩასასვლელი იხსნება რამდენიმე მეტრის სიღრმის ვიწრო (0,5-0,7 მ) ხვრელით, რომლის კედლები თოვლის ნადნობი წყლებით არის დამუშავებული. გამომუშავებულია ზედა იურულ-ქვედა ცარცულ ძლიერ დამსხვრეულ კირქვებში. მასში მორფოლოგიურად მკაფიოდ გამოხატული ოთხი მონაკვეთი გამოიყოფა. უფსკრულის პირველი მონაკვეთი მღვიმის ზედა ნაწილს მოიცავს 600 მ სიღრმემდე და წარმოდგენილია კასკადური ჭებისა და ღრმა საფეხურების რთული სისტემით. მათ შორის ყველაზე ღრმა 107 მ აღწევს. მეორე მეანდრირებული, დახრილფსკერიანი მონაკვეთი 650 მ სიღრმეზე იწყება და 400 მ-მდე გრძელდება. დერეფნის ბოლოში, 30 მ სიღრმის ჭას, უფსკრულის მესამე მონაკვეთი აგრძელებს, რომელსაც გეგმაში მეორე მონაკვეთის საწინააღმდეგო მიმართულება აქვს. უფსკრულის ჩასასვლელიდან 800 მ სიღრმეზე, მღვიმის მეოთხე მონაკვეთი იწყება, რომელიც ფაქტობრივად 200 მ სიღრმის ჭით არის წარმოდგენილი. 1025 მ სიღრმეზე იგი ნგრეული მასალით ამოქოლილ ნაპრალს აწყდება. ამჟამად აქ მიღწეული სიღრმით - 1508 მ პანტიუხინის მღვიმე მსოფლიოს უღრმეს მღვიმეებს შორის მე-12 ადგილს იკავებს. მასში უფრო ღრმად ჩაღწევის პერსპექტივაც არსებობს, თუმცა საკმაოდ რთული დასაძლევია უფსკრულის ბოლოში ვიწრო დერეფანი, რომელიც სიფონური ტბით არის გადაკეტილი. სახელი ეწოდა მისი ერთ-ერთი პირველაღმომჩენის, ტრაგიკულად დაღუპული ალპინისტისა და სპელეოლოგის ვიაჩესლავ პანტიუხინის პატივსაცემად.